Friday, February 8, 2013

სვეტიცხოველი


სვეტიცხოველი
სვეტიცხოვლის კომპლექსი მდებარეობს მცხეთაში, ქალაქის ცენტრში. კომპლექსში შედის: ტაძარი, გალავანი, კარიბჭე, სამრეკლო, ანტონ II კათალიკოსის სასახლე, მელქისედეკ კათალიკოსის სასახლე და კოშკი.
მემატიანეთა გადმოცემით, მცხეთელი ებრაელი ელიოზი იერუსალიმში ქრისტეს ჯვარცმას დასწრებია, „კვართი უფლისაი“ შეუძენია და ჩამოუტანია მცხეთაში. აქ, ქალაქის ბჭესთან ელიოზს დახვედრია მისი და სიდონია - ქრისტეს მიერ ნაქადაგევი სარწმუნოების მიმდევარი. სიდონიას ძმისთვის პერანგი გამოუტაცია და იქვე სული განუტევებია. რაკი ქრისტეს პერანგი მისთვის ხელიდან ვერ წაურთმევიათ, პერანგიანად დაუმარხავთ. ს
იდონიას საფლავზე ამოსულა კედარი. მას შემდეგ, რაც IV საუკუნის 30-იან წლებში ქართლის მეფემ მირიანმა ირწმუნა ნინოს მიერ ნაქადაგევი ახალი რელიგია - ქრისტიანობა და ბრძანა სიდონიას საფლავზე ეკლესიის აგება. მოკვეთეს დიდი კედარი და მისგან შვიდი სვეტი დაამზადეს. დაიწყეს მშენებლობა. ექვსი სვეტი აღმართეს კიდეც, მაგრამ მეშვიდე ჰაერში ჩამოეკიდა და ვერ დაძრეს ადგილიდან. ნინოს მთელი ღამე მხურვალე ლოცვაში გაუტარებია, დილით კი მომხდარა სასწაული - „სვეტი ძირთავე მისთა ზედა დაემყარა და მტკიცედ შეერწყა შეუხებლად ხელისგან კაცთასა“. სვეტი გაფოთლილა და მისგან დენა დაუწყია მირონს, რომელიც „მსწრაფლ კურნავდა“ სნეულთ. სვეტს უწოდეს „სვეტი ცხოველი“ - სვეტი სიცოცხლის მომნიჭებელი. აქედან წარმოსდგა თვით ტაძრის სახელწოდებაც.
V საუკუნის დასასრულს, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, პირვანდელი ხის შენობის ნაცვლად, ააგეს ქვის ბაზილიკური ეკლესია, რომელმაც XI საუკუნემდე იარსება. 1010-1029 წლებში ქართლის კათალიკოსის მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ ააგო სვეტიცხოვლის ახალი ტაძარი. მელქისედეკისვე ინიციატივით სვეტიცხოვლის გარშემო აიგო სხვა ნაგებობებიც. 1030-1040 წლებში კათალიკოზ ოქროპირის დროს ტაძარს მოაშენეს ეგვტერები.
საუკუნეების მანძილზე სვეტიცხოველი წარმოადგენდა მსხვილ ფეოდალურ-საეკლესიო სამფლობელოს და მეფე-დიდებულთაგან უხვ შეწირულობას იღებდა. მისი ყმა-მამული მიმოფანტული იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იგი იყო მცხეთაში გაჩაღებული სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობის ცენტრი, ჰქონდა ძალზედ მდიდარი ბიბლიოთეკა, ტაძარში იყო ქართველ მეფეთა საძვლე.